logo
ENG



დევნილთა სააგენტო: "ქართლში" მცხოვრები დევნილები ახალ ბინებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ

24 იან 202200:16
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/24/1jndfkxrdst3bk6.png

დევნილთა სააგენტოს თქმით, სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ, მანამდე კი მათ სააგენტო ქირით გაყვანას სთავაზობს. როგორც ცნობილია, დევნილები ქირით გასვლაზე უარს აცხადებენ, რადგან არ აქვთ იმედი, რომ მთავრობა მათ ქირას გადაუხდის და ბინებს მისცემს.

სააგენტოს მტკიცებით, შენობიდან დევნილი ოჯახების გამოყვანის და მათი უსაფრთხო გარემოში განსახლების მიზნით ქმედითი ნაბიჯები გადადგეს:

  • დევნილ ოჯახებს სააგენტო ბინის მოძიებაში დახმარებას და ქირით დაუყოვნებლივ გადაყვანას სთავაზობს;
  • ქირასთან დაკავშირებით, სააგენტოს მხრიდან გაცემულია ადმინისტრაციული დაპირება ერთწლიანი ქირის გადახდის შესახებ;
  • სურვილის შემთხვევაში, დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა ეძლევათ, ექსპლუატაციაში მიუღებელი ბინებიც წარმოადგინონ და სააგენტო მათ ამ საცხოვრებელ ფართს შეუძენს;
  • მიმდინარე მენაშენეთა კონკურსის ფარგლებში, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს მენაშენეთა ასოციაციასთან, სამშენებლო კომპანიებთან და ამ პროცესის შესახებ, ყოველკვირეული ანგარიშის სახით, წერილობით ეცნობება დევნილ მოსახლეობას;
  • დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლებისა და მათთვის ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის მიზნით, თბილისის, ზუგდიდისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებთან აქტიურად მიმდინარეობს მიწის მოძიებისა და სააგენტისთვის გადმოცემის სამუშაოები. ქუთაისში ახალი კორპუსების ასაშენებლად, ადგილი უკვე შერჩეულია და მშენებლობა მიმდინარე პროექტების ფარგლებში გაგრძელდება.

მათივე მტკიეცბით, ქართლში მცხოვრებ ოჯახებზე გასცეს ადმინისტრაციული დაპირება და განსახლების ორი გზა შესთავაზეს:

1. დევნილ ოჯახებს, თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ და ამ შემთხვევაში, კვადრატული მეტრის ფასი, რომელის შესყიდვასაც სააგენტო განახორციელებს, შეადგენს 550 დოლარის ექვივალენტს ლარში;

2. დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას. ამ შემთხვევაში სააგენტო, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს.

16 იანვარს თემქაზე სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილების აქციაზე ერთერთი მონაწილე, ახალგაზრდა კაცი შენობიდან გადმოხტა. ადგილზე მყოფი მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ კაცმა პროტესტის ნიშნად თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. 

დევნილები მთავრობას ბინებით დაკმაყოფილებას სთხოვენ. ადგილობრივების თქმით, მათი საცხოვრებელი კორპუსი ისედაც დაზიანებული იყო, დღეს კი შენობამ ნგრევა დაიწყო. მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ კედლები და ჭერი დაზიანებულია, კორპუსში კი ახალი ბზარები ყოველდღე ჩნდება და ბათქაში იყრება. 


close დახურვა